დედნის სანახავად მიჰყევით ბმულს: Phrack/Hacker-Manifesto
„თქვენ გჯერათ, რომ არის ბროლის სასახლე, რომელიც არასოდეს დაინგრევა, ანუ ისეთია, რომ ვერც ენას გამოუყოფ მალულად და ვერც ბრაწს უჩვენებ ჯიბეში ჩაყოფილი ხელით. ხოლო მე ამ სასახლისა იქნებ სწორედ იმიტომ მეშინია, რომ ბროლისაა, არასოდეს დაინგრევა და ენას მალულადაც კი ვერ გამოვუყოფ.
ახლა ეს ვთქვათ: სასახლის ნაცვლად საქათმე თუ იქნება და წვიმა დაასხამს, ხოლო მე საქათმეში შევძვრები, რათა არ დავსველდე, საქათმეს სასახლედ ხომ არ მივიჩნევ მადლიერების გამო, რაკიღა წვიმისგან დამიფარა. თქვენ დამცინით, იმასაც კი ამბობთ, ამ შემთხვევაში საქათმე სასახლეაო. მე გიპასუხებთ: — დიახ, თუ მხოლოდ იმისთვის არსებობ, რომ არ დასველდე.“— დოსტოევსკი, „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“
1986 წელი. ჰაკერი ფსევდონიმით The Mentor (დამრიგებელი) წერს და აქვეყნებს ტექსტს სათაურით „ჰაკერის მანიფესტი“ (ასევე ცნობილი, როგორც „ჰაკერის სინდისი“). ეს ხდება იმ ხანაში, როცა ინტერნეტი ახალი ხილია, მასზე ბევრმა არაფერი იცის, მაგრამ ვისაც რამე სმენია, მათში ინტერნეტი ერთდროულად შესაძლებლობების განვრცობის იმედებს და შეუცნობლის მიმართ შიშს ბადებს. ეს არის პერიოდი, როცა ხალხი გრძნობს რაღაც ახლის მოახლოებას (ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება საბჭოთა კავშირს, სადაც იმხანად სრულიად სხვაგვარი სურნელი ტრიალებდა). მოკლედ, სწორედ ამ პერიოდში იბადება ტექსტი, რომელიც შემდგომში ჰაკერთა კულტურის ქვაკუთხედად იქნება მიჩნეული და წარუშლელ კვალს დატოვებს შემდგომი თაობის შემეცნებისაკენ მიდრეკილ ბავშვებზე, მკვლევრებზე, ანდაც, თუ გნებავთ, ჰაკერებზე, და არა მარტო...
25 დეკემბერი, 2023
დაწერილია 1986 წლის 8 იანვარს
დღეს კიდევ ერთი დაიჭირეს, ყველაფერი გაზეთებშია. „მოზარდი კომპიუტერული დანაშაულისთვის დააკავეს“, „ჰაკერი საბანკო სისტემაში უნებართვოდ შეღწევისთვის დააკავეს“...
წყეული ბავშვები. ყველანი ერთნაირები არიან.
მაგრამ თქვენ, თქვენი ვადაგასული ფსიქოლოგიური თეორიებითა და 50-იანების ტექნოლოგიური თვალთახედვით, ოდესმე ჩაგიხედავს ჰაკერისთვის თვალებში? ოდესმე გიფიქრიათ რა ამოძრავებს მას, რა ძალებმა მოახდინეს მისი ფორმირება, რას შეეძლო მისი ჩამოყალიბება?
მე ვარ ჰაკერი, შემოაბიჯეთ ჩემს სამყაროში...
ჩემია სამყარო, რომელიც იწყება სკოლით. მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე დანარჩენი ბავშვების უმეტესობა; ნაგავი, რომელსაც ისინი გვასწავლიან, ჩემთვის მოსაბეზრებელია...
წყეული ჩამორჩენილი მოსწავლე. ყველანი ერთნაირები არიან.
მე საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში ვარ. მოვუსმინე მასწავლებლებს, რომლებიც მეთხუთმეტედ ხსნიდნენ, როგორ შევკვეცოთ წილადი. გავიგე. „არა ქალბატონო სმით, ნამუშევარი არ გამომისახავს. მე ის ჩემს გონებაში გავაკეთე...“
წყეული ბავშვი. ალბათ გადაიწერა. ყველანი ერთნაირები არიან.
დღეს აღმოჩენა გავაკეთე. კომპიუტერი ვიპოვე. მოიცადეთ, ეს ხომ მაგარია. აკეთებს იმას, რაც მინდა რომ გააკეთოს. თუკი შეცდომას უშვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ავურიე რაღაც. და არა იმიტომ, რომ არ მოვწონვარ...
ან ჩემგან საფრთხეს გრძნობს...
ან ფიქრობს, რომ ჭკვიანი ნაბიჭვარი ვარ...
ან ცოდნის გაზიარება არ მოსწონს და თვლის, რომ აქაურობისთვის შეუფერებელია...
წყეული ბავშვი. თამაშის მეტს არაფერს აკეთებს. ყველანი ერთნაირები არიან.
შემდეგ ეს მოხდა... სამყაროში შესასვლელი კარი გაიღო... მძაფრი ნაკადი სატელეფონო ხაზის გავლით, — როგორც ჰეროინი ნარკომანის ვენებში, — ელექტრონული იმპულსი გაგზავნილია, თავშესაფარი ყოველდღიური უუნარობისგან აღმოჩენილია... კომუნიკაციის გზა ნაპოვნია[^1].
"ეს ის არის... ეს არის ადგილი, რომელსაც ვეკუთვნი..."
მე აქ ყველას ვიცნობ... იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არასოდეს შევხვედრივარ, მათთან არასოდეს მისაუბრია, მათგან შეიძლება აღარაფერი შევიტყო მომავალში... მე თქვენ ყველას გიცნობთ...
წყეული ბავშვი. ისევ სატელეფონო ხაზს აფერხებს. ყველანი ერთნაირები არიან...
ეჭვიც არ შეგეპაროთ, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ... სკოლაში კოვზით გვაჭმევდნენ საბავშვო საკვებს, როდესაც სტეიკს ვიყავით მოშივებულნი... საჭმლის ნარჩენები, რომლებიც ჩაყლაპეთ უკვე დაღეჭილი და გემოგამოცლილი იყო. ჩვენ ან სადისტების ბატონობის ქვეშ ვიმყოფებოდით, ანდა გულგრილთა მიერ ვიყავით უგულებელყოფილნი. რამდენიმე მათგანი, ვისაც რაღაცის სწავლება მართლა შეეძლო, ჩვენში მონდომებულ მოსწავლეებს ხედავდა, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან, ვით წყლის წვეთები ცხელ უდაბნოში.
ჩვენი სამყარო ახლა ასეთია... ელექტრონებისა და ჩამრთველ-ამომრთველების სამყარო, ბოდის[^2] მშვენიერება. ჩვენ ვიყენებთ უკვე არსებულ სერვისებს და არ ვიხდით ფულს იმაში, რაც შეიძლებოდა წარმოუდგენლად იაფი ყოფილიყო, გაუმაძღრების მიერ რომ არ იყოს მართული, და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. ჩვენ ვიკვლევთ... და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. ჩვენ ვესწრაფვით შემეცნებას... და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. ერთმანეთის რაობას არ განვსაზღვრავთ კანის ფერით, ეროვნებით, რელიგიური მისწრაფებებით... და თქვენ კრიმინალებს გვიწოდებთ. თქვენ ქმნით ატომურ ბომბებს, თქვენ აწარმოებთ ომებს, თქვენ კლავთ, თვალს გვიხვევთ და მოტყუების გზით ცდილობთ დაგვაჯეროთ, რომ ყოველივე ამას ჩვენივე კეთილდღეობისთვის აკეთებთ, და ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც ჩვენ გვიწოდებთ კრიმინალებს.
დიახ, მე კრიმინალი ვარ. ჩემი დანაშაულია ცნობისმოყვარეობა. ჩემი დანაშაულია ის, რომ ადამიანებს მათივე სიტყვებისა და აზრების მიხედვით განვსჯი, და არა იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებიან. ჩემი დანაშაულია ის, რომ თქვენზე ჭკვიანი ვარ, რასაც თქვენ ვერასოდეს მაპატიებთ.
მე ვარ ჰაკერი და ეს არის ჩემი მანიფესტი. თქვენ შეგიძლიათ შემაჩეროთ მე, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ყველა ჩვენგანის შეჩერებას... ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ყველანი ერთნაირები ვართ.
[^1]: „კომუნიკაციის გზა ნაპოვნია“ - ორიგინალში: "a board is found" - მოცემულ კონტექსტში, სიტყვა „board“ აღნიშნავს პოპულარულ ონლაინ საკომუნიკაციო სისტემას, Bulletin Board System (BBS)-ს, რომელიც იმხანად ფართოდ გამოიყენებოდა. [^2]: ბოდი - სიგნალის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული, რომელიც განისაზღვრება ერთ წამში სასიგნალო ელემენტების რაოდენობით; აღინიშნება სიმბოლოთი Bd.